ახალი ამბები

საია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს, შეისწავლოს რუსთავის 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლის საკითხი

30 მაისი, 2016 •
საია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს, შეისწავლოს რუსთავის 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლის საკითხი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა შეისწავლოს რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიების ცვლილების საკითხი და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია შესწავლის შედეგად გამოკვეთილი გარემოებების თაობაზე.

საია აცხადებს, რომ ამ საკითხის შესწავლა პირდაპირ დაკავშირებულია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მის მიმართ საზოგადოებრივ ნდობასთან და სასამართლოს რეპუტაციასთან, რომელთა დაცვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა.

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლამ გააჩინა ეჭვები როგორც მოპასუხე მხარის, ასევე საზოგადოების თვალში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილება სასამართლოზე და მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე მიუთითებდა, აცხადებს ორგანიზაცია.

საია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ლილი ტყემალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეთა ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო საქმე #2ბ/6052-15 (,,რუსთავი 2“-ის საქმე), მოსამართლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას სხვა მოსამართლეზე რიგითობით გადანაწილების მიზნით (წერილის სრული ტექსტი იხილეთ დანართში).

“ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წერილობით გაკეთებული განმარტება არ არის საკმარისი იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ამ საქმეში მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილებებთან მიმართებით საზოგადოებაში გაჩნდა”, – წერია საიას 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. 

საია აცხადებს, რომ კანონმდებლობა ადგენს სასამართლოს თავმჯდომარის ფაქტობრივად უკონტროლო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას, რიგითობით საქმის განაწილების წესის დაცვის გარეშე, გადასცეს საქმე განსახილველად ნებისმიერ მოსამართლეს და თავადვე განსაზღვროს საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაც. საქმის განაწილების წესის უკონტროლობას თავად ზემოაღნიშნულ წერილში მოყვანილი ინფორმაციაც ადასტურებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „… (კოლეგიებში) მოსამართლეთა შემადგენლობა რაიმე აქტით არ განისაზღვრება, შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ დოკუმენტაცია კონკრეტული საქმის შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.“

საია მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასმართლოს, რომ განმარტოს, რა პრინციპით მოხდა მოსამართლე ლილი ტყემალაძის წარმოებაში არსებული საქმეების მხოლოდ ნაწილის, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმის სხვა მოსამართლეზე გადაცემა. 

სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეების: ნატალია ნაზღაიძის (მომხსენებელი), ქეთევან მესხიშვილის და გოდერძი გიორგიშვილის შემადგენლობით განიხილა ქიბარ ხალვაშის, შპს ,,პანორამას“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის საჩივრები 2015 წლის 05 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრების განსახილველად მიღების საკითხი განიხილა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სხვა შემადგენლობით: ლილი ტყემალაძე (მომხსენებელი), ხათუნა არევაძე, ვანო წიკლაური. ამ ეტაპზე საქმის განხილვა შეცვლილი შემადგენლობით (ნატალია ნაზღაიძე – თავმჯდომარე, ნათია გუჯაბიძე, შორენა ყაველაშვილი) გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი