“ბიძინა ივანიშვილის წერილში ანალიზი არის ძალიან კარგი, სრულყოფილი, ყველა სფეროს და ყველა თემას მოიცავს. წერილში, რომელშიც წარსულის, აწმყოს და მომავლის ხედვაა, ძალიან საინტერესო აქცენტებია გაკეთებული. ყველა ინფორმაცია და ფაქტი არის გადამოწმებული,” – ასე აფასებს ეკა ბესელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღეს, 30 მაისს გამოქვეყნებულ წერილს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველომ უკანასკნელ 4 წელიწადში დიდ პროგრესს მიაღწია:
“რაც შეეხება იმას, თუ რა არის მნიშვნელოვანი [წერილში]- მე ყველა თემას გამოვყოფდი, განსაკუთრებით იმ სფეროს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს ყველაზე უფრო ხელშესახები და მგრძნობიარე თემაა იმიტომ, რომ ოთხი წლის წინ ყველაზე მეტად გვიჭირდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ბიძინა ივანიშვილის წერილში დეტალური ანალიზია ქვეყანაში მიღწეული პროგრესის. ეს პროგრესი მეტყველებს იმაზე, რომ დასავლურ და ევროპულ ფასეულობებთან არაფერი საერთო ჰქონდა იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა,” – აღნიშნავს ბესელია.
გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი სვამს შეკითხვას: “რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?!”
კითხვას თავადვე პასუხობს ივანიშვილი:
“ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი – ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი.
შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე – ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას”, – წერს ივანიშვილი თავის წერილში.