ახალი ამბები

გაეროს მონაცემებით, სირიაში შეტაკებებს უკვე 5 000 ადამიანი ემსხვერპლა

13 დეკემბერი, 2011 • • 937
გაეროს მონაცემებით, სირიაში შეტაკებებს უკვე 5 000 ადამიანი ემსხვერპლა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიაში ცხრა თვის განმავლობაში  დემონსტრანტებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ–ასადის სამხედროებს შორის შეტაკებებს 5 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სირიის მთავრობის განცხადებით კი, ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური ძალების შეტევების შედეგად 1 100 სამხედრო, პოლიციელი და უშიშროების ძალების წარმომადგენელი დაიღუპა. აღნიშნულ მოსაზრებას სირიის ოპოზიცია კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ძალების მიერ არც ერთი ჯარისკაცი არ არის მკვდარი.   

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობის ქმედებებს შეიძლება მიეცეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია.

“ეს იყო ყველაზე საგანგაშო ბრიფინგი, რაც კი გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონია,” – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში.   

შეგახსენებთ, სირიის პრეზიდენტის გადადგომისა და ალავიტების სექტის მმართველობის დასრულების მოთხოვნით სირიელი სუნიტების გამოსვლები 18 მარტს ქალაქ დერაში დაიწყო. მას შემდეგ მიმდინარეობს აქციები, თუმცა, პრეზიდენტი ბაშარ ალ–ასადი გადადგომას არ აპირებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი