ახალი ამბები

კალაძე: არ მქონდა მორალური უფლება მეთამაშა, როდესაც დემეტრაძე უსამართლოდ ციხეშია

13 დეკემბერი, 2011 •
კალაძე: არ მქონდა მორალური უფლება მეთამაშა, როდესაც დემეტრაძე უსამართლოდ ციხეშია
“მე არ მქონდა მორალური უფლება- ნაკრებში კიდევ რამოდენიმე წელი მეთამაშა,  როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე, მისმა მეგობარმა, სამართალი ვერ ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის – ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მითუმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში,” –   საქართველოს ნაკრებიდან წასვლის ერთ–ერთ მიზეზად ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ სწორედ ეს საკითხი გამოყო.

მისივე თქმით, ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამოდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა.

“მარიონეტი ჟურნალისტების ხელით ზოგიერთი შეეცადა, გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29 წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა, მარტო კალაძე რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა „კეთილისმსურველ გულშემატკივარს“ და წავედი. ვფიქრობ, რომ ამ 1 წლის მანძილზე, რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს,” – განაცხადა კალაძემ.

კალაძე განცხადებაში ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამს და აღნიშნავს, ” უბრალოდ,  მათ შეეძლოთ, ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ 15 წუთი სიხარულისა არ მიმინიჭებია იმ ადამიანებიასათვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული. თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს”.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართელოს ნაკრებს ტოვებს.

ამავე თემაზე:

კახი კალაძის განცხადება

დემეტრაძის საქმე სტრასბურგშია

კახა კალაძემ ნაკრები დატოვა


მასალების გადაბეჭდვის წესი