ახალი ამბები

გვარამია: სასულიერო პირმა რ2-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა

30 მაისი, 2016 •
გვარამია: სასულიერო პირმა რ2-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ტელეკომპანიის საქმის განხილვა დღეს განახლდა, სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის აცილების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. გვარამია აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ. გვარამიას თქმით, პირველი სხდომის შემდეგ მას დაუკავშირდა წყარო და მიაწოდა ინფორმაცია. ტელეკომპანიის დირექტორის მტკიცებით, წყარო სასულიერო პირია, რომელსაც მოსამართლემ რჩევისათვის მიმართა.

“სასულიერო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი შემადგენლობის ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელსაც ასევე დაგისახელებთ მოგვიანებით, თუ საჭირო გახდა, გაანდო სასულიერო პირს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგიისათვის უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილება, ის დაიწერა იუსტიციის სამინისტროში გერმანულ სამართალზე დაყრდნობით, თეა წულუკიანის უშუალო მონაწილეობით. და შემადგენლობა იყო ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ. ის იყო ზღვარზე, გაეძლო თუ არა ამ ზეწოლისათვის და ჰკითხა რჩევა თავის მოძღვარს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რაზეც მან მიიღო რჩევა, რომ არავითარ შემთხვევაში უსამართლობა არ უნდა ჩაედინა, რადგან ქრისტიანული კანონიკით ეს არის ძალიან მძიმე ცოდვა. ამის შემდეგ ვერ გაჭრა ზეწოლამ და შეიცვალა კოლეგიის შემადგენლობა. ამის შემდეგ კიდევ, როგორც ჩანს, ახალი შემადგენლობაც ვერ დაიყოლეს და ამიტომ ახლა ხართ თქვენ ჩვენ წინაშე,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.

ნიკა გვარამია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას და სასამართლოს წყაროთა ვინაობა დაუსახელოს.

დღეს, 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა განახლდა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია (ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით) იხილავს.

13 მაისს სხდომა იმ მოტივით გადაიდო, რომ 17 მაისს ტელეკომპანია “საქართველოს” ყადაღასთან დაკავშირებით სასამართლოს დასაბუთებული განჩინება უნდა ჩაებარებინა მხარეებისთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტვ “საქართველოს” წილებს, რომელიც, თავის მხრივ, “რუსთავი 2”-ის წილის 51%-ს ფლობს, ყადაღა მოეხსნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი