
“საქართველო შენდება დღეც და ღამეც, იმიტომ, რომ იმდენი დღე და ღამე გვაქვს დაკარგული ათწლეულების განმავლობაში, რომ ახლა ძილის დრო არ არის”, – ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 დეკემბრის ღამეს გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ღამე დაათვალიერა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები. ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის მიერ გადაცემულ კადრებში ჩანს, რომ მშენებლობებზე შუაღამისას რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს.
სააკაშვილის თქმით, მან არ იცის ქვეყანა საქართველოს ირგვლივ, სადაც შუაღამისასაც მუშაობენ.
“ძილის დრო არ არის”, – ამბობს სააკაშვილი.
“რომ იძახიან, ლაზიკა როგორ უნდა აშენდეს, აქ [ბათუმში] ადგილი აღარ დარჩება. რაც მეტი აშენდება ბათუმში, მით მეტი აშენდება ფოთში, რაც მეტი აშენდება ფოთში, მით მეტი შანსია, რომ ახალი ქალაქი გაჩნდეს. ცალკე აღებული ვერ განვითარდება, ერთმანეთზე გადამბული ციკლია, აი, ასე შენდება საქართველოში”.
სააკაშვილის შუაღამის ვიზიტების დროს ცნობილი ხდება, რომ აჭარის მთავრობა სხვაგან, კერძოდ, ბათუმის #1 საავადმყოფოს შენობაში გადავა, სადაც ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სააკაშვილთან ერთად მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ ბათუმის ცენტრალური ნაწილი, სადაც ამჟამად მდებარეობს აჭარის მთავრობის შენობა, მხოლოდ ტურისტული ზონა იქნება.
აჭარის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო –აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელიც ასევე ბათუმის ცენტრში, ზღვისპირას მდებარე შენობაში, იყო განთავსებული, ცოტა ხნის წინ ჩაქვში გადავიდა.







