ახალი ამბები

შსს “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს ზარალს აუნაზღაურებს

12 დეკემბერი, 2011 • 1269
შსს “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს ზარალს აუნაზღაურებს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს–ს წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს სრულად აუნაზღაუროს 26 მაისის აქციის დაშლის დროს მიყენებული ჯანმრთელობის და მატერიალური ზიანი.

“ნეტგაზეთის” რეპორტიორებს – კონსტანტინ სტალინსკისა და თამაზ კუპრეიშვილს– შსს მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს, რაც მათ 26 მაისის აქციის დაშლის დროს მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გაიღეს, ხოლო ნესტან ცეცხლაძესა და თამაზ კუპრეიშვილს იმ ვიდეოკამერების ღირებულებას აუნაზღუარებენ, რომლებიც მათ შსს–ს წარმომადგენლებმა წაართვეს აქციის დაშლის დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელ პროცესზე, ასევე, დათანხმდა ჯანმრთელობის ზიანი აუნაზღაუროს “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაშავდა, ხოლო “მედიაპალიტრას” იმ ფლიპკამერის ღირებულებას გადაუხდის, რომელიც აღნიშნული კომპანიის რეპორტიორს წაართვეს.

ადმინისტრაციული სარჩელის მიხედვით, რომელიც 26 მაისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა და მედიაორგანიზაციებმა შსს–ს წინააღმდეგ შეიტანეს, მოსარჩელეები სხვა ტექნიკის (ვიდეოკამერების) ანაზღაურებასაც მოითხოვდნენ, რომლებიც ჟურნალისტებს აქციის დარბევის დროს დაუმტვრიეს. სარჩელის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 5000 ლარს შეადგენდა, თუმცა შსს–მ სხვა ტექნიკის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, არასაკმარისად წარდგენილი სათანადო მტკიცებულებების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე 26 დეკემბერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი