ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დიპლომატები ენგურის ხიდზე – საგარეო უწყების ტური

28 მაისი, 2016 •
დიპლომატები ენგურის ხიდზე – საგარეო უწყების ტური

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ.

სამინისტრომ ე.წ. დიპლომატიური ტური მოაწყო, რომლის ფარგლებშიც 28 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ.

“დღევანდელი ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში ძალიან მნიშვენლოვანია, პირველ რიგში, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონშია, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება. ასევე ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ეხილათ 21-ე საუკუნეში ოკუპაციის შედეგი და თუ რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რამდენად მძიმეა იმ ხალხისთვის, რომელიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს და ასევე ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ. ასევე გვსურდა ადგილზე გვეჩვენებინა დიპლომატებისთვის იმ სამშვიდობო პოლიტიკის განსახორციელებლად გამიზნული პროექტები, რომელიც აქ ხორციელდება” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 28 მაისს.

დიპლომატებს დაათვალიერებინეს რუხის სავაჭრო ცენტრი და მშენებარე მულტიპროფილური საავადმყოფო.  საგარეო უწყების ცნობით, დიპლომატიური ტურის მიზანია, უცხოელმა ელჩებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია სამეგრელოს  რეგიონის მახასიათებლების, ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის, ასევე განხორციელებული პროექტების შესახებ.

“ეს ყველა ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, დაახლოებას და ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, დაგმობილი იყოს საერთაშორისო მხარდაჭერით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და დიპლომატების მხრიდან. თავისი თვალით ამ პროცესის ხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი მხარს უჭერენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და იცავენ ამას როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში”- განაცხადა ჯანელიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი