ახალი ამბები

ალექსანდრე მინდაძე – “შაბათ დღეს”

11 დეკემბერი, 2011 • 1307
ალექსანდრე მინდაძე – “შაბათ დღეს”

დღეს, 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალს ალექსანდრე მინდაძის ფილმი “შაბათ დღეს” დახურავს.

რუსეთი / გერმანია / უკრაინა,2011

შაბათი, 1986 წლის 26 აპრილი: აფეთქება ჩერნობილის ატომურ სადგურზე. პარტია ვითარების დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ ვალერი კაბიში, ყოფილი დრამერი, რომელიც ახლა პარტიული მუშაკია, ხელმძღვანელობის პანიკას ხედავს და ხვდება, რომ დრო არ ითმენს. თავის შეყვარებულთან და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ვალერი ქალაქის დატოვებას ცდილობს. მაგრამ ეს შაბათი დღეა. ადამიანები სეირნობენ, საყიდლებზე დადიან, ქორწინდებიან, ქუჩაში ბავშვები თამაშობენ. როცა ცხოვრება ასე უდარდელად მიედინება, გაქცევა შეუძლებელი ხდება.

ალექსანდრე მინდაძე 1949 წელს მოსკოვში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის („ვგიკი“) სასცენარო ფაკულტეტი (კატერინა ვინოგრადსკაიას სახელოსნო). 1976 წლიდან სცენარისტად მუშაობდა ტელევიზიასა და კინოში. მიღებული აქვს უამრავი სამამულო თუ საერთაშორისო პრიზი, მათ შორის ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“ ფილმის „პიესა მგზავრისთვის“ (რეჟ. ვადიმ აბდრაშიტოვი, 1995) „იდეისა და ადაპტაციისთვის“. მისი სარეჟისორო დებიუტი, „აფრენა“ 2007 წელს ვენეციის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. „შაბათ დღეს“, მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი