გორის რაიონში დაკარგულ 4 წლის რამაზ გივიყაშვილს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მერვე დღეა ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა] მიმდინარეობს.
როგორც ბავშვის მამამ, გორის რაიონის სოფელ ბობნერში მცხოვრებმა ზურა გივიყაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ბავშვი 20 მაისის შემდეგ აღარ უნახავთ. მისი თქმით, 4 წლის რამაზი სოფელში უფროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა, როცა დაიკარგა.
– “უფროსი ძმა ამბობს, რომ წითელ მანქანაში ჩასვეს ბავშვი და წაიყვანესო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბავშვის მამამ სატელეფონო საუბარში.
მისი თქმით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.
ბავშვის მამა ამბობს, რომ მაშველები ბავშვს მდინარეშიც ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაკვლიეს. მდინარე გივიყაშვილის საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში მდებარეობს, თუმცა, როგორც მამა ამბობს, ბავშვი მდინარეზე არასოდეს მიდიოდა.
– “სად უნდა წასულიყო, არ ვიცი. რატომ უნდა გაეტაცებინათ, იმასაც ვერ ვხდები, ერთ ოთახში ვცხოვრობთ და არაფერი გაგვაჩნია”, – ამბობს დაკარგული ბავშვის მამა.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბავშვის ძებნის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიებას პოლიციის გორის სამმართველო აწარმოებს.