ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 268 ვალდებულიდან 245 შესრულებულია

27 მაისი, 2016 • 1240
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 268 ვალდებულიდან 245 შესრულებულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 27 მაისის მდგომარეობით ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით აღებული 268 ვალდებულიდან 245  უკვე შესრულებულია.

სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ წარმოადგინა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2015 წლის მეორე ექვსი თვის შესრულების პროგრესისა და 2015 წლის მონიტორინგის ანგარიშები და რეკომენდაციები.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოდიაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015 წლის 4 თებერვალს დაამტკიცა. ანგარიშებში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ 13 სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად მიაღწია, შეფასებულია ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესი, არსებული გამოწვევები, აგრეთვე, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებები და რეკომენდაციები. 

სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015-2016 წლების განახლებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებს მეთოთხმეტე პრიორიტეტი – „კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში“ დაემატა.

საბჭოს ცნობით, თბილისის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გახდნენ, საბჭოს წევრთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის 2015 წლის ნოემბერი-დეკემბრის შესრულების მონიტორინგი შედეგების ანგარიში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის, თელავისა და რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი