ახალი ამბები

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: “ივანიშვილი ჩემი თანამოაზრეა”

9 დეკემბერი, 2011 • • 1212
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: “ივანიშვილი ჩემი თანამოაზრეა”
ნინო ქადაგიძე-ჟვანია
ნინო ქადაგიძე-ჟვანია

საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია ადასტურებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდება და თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს.

ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მას ჰქონდა სამი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა ბიძინა ივანშვილის გვერდით დგომა.

„პირველი არის ის, რომ ვენდობი ბიძინა ივანიშვილს და მგონია, საქართველოსთვის ამ კაცს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და არც გააკეთებს. მეორე მიზეზი არის ის, რომ ბატონ ბიძინას ესმის ზურას პოლიტიკური მოღვაწეობის როლი, აფასებს მის ღვაწლს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და ამ თვალსაზრისით არის ჩემი თანამოაზრე. მესამე მიზეზია ის, რომ აუცილებლად მიმაჩნია ქვეყანაში არსებობდეს არსებული ხელისუფლების ალტერნატიული, ძლიერი პოლიტიკური ძალა. მე არა ვარ ზურაბ ჟვანია, მაგრამ რაც მე შემიძლია იმას გავაკეთებ,“ – განუცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ნეტგაზეთს.“

კითხვაზე, ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკისგან შორს მყოფმა რატომ გადაწყვიტა ახლა ასპარეზზე გამოჩენა, ის ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბავშვები გაიზარდნენ.

„მეორე მიზეზი ის არის, რომ რეალურად დავინახე შანსი, რაღაცა შეიცვალოს,“ – ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია. მისივე თქმით, ის უკვე ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და  მათ „ერთი თავლსაზრისი“ აქვთ ამ საკითხზე. თუმცა, გარდაცვლილი პრემიერის მეუღლე არ აკონკრეტებს, რომელ თვალსაზრისზეა საუბარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, რაულ იუსუპოვთან ერთად თბილისში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში თავისივე დაცვის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ჟვანია და იუსუპოვი გაზის გამათბობლისგან გაჟონილმა ბუნებრივი აირის ნამწვმა გაგუდა.  ზურაბ ჟვანიასა სამი შვილი დარჩა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

მასალების გადაბეჭდვის წესი