ახალი ამბები

უკრაინელ პარლამენტარს რადაში ძროხა არ შეაყვანინეს

8 დეკემბერი, 2011 • • 968
უკრაინელ პარლამენტარს რადაში ძროხა არ შეაყვანინეს

ოლეგ ლიაშკო კარინასთან ერთად
ოლეგ ლიაშკო კარინასთან ერთად

უკრაინის პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ დღეს, 8 დეკემბერს, რადას შენობაში ძროხის შეყვანა სცადა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს დაცვის სამსახურმა მას ამის უფლება არ მისცა.

ძროხა, სახელად კარინა, ოლეგ ლიაშკოს უკრაინელმა გლეხებმა აჩუქეს. უკრაინის საკანონმდებლო ორგანო ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო მიწების გაყიდვას ითვალისწინებს, რასაც უკრაინელი ფერმერები ეწინააღდეგებიან. მათ მოთხოვნებს რადაში აქტიურად ლობირებს დამოუკიდებელი დეპუტატი  ოლეგ ლიაშკო, რომელსაც მადლიერების ნიშნად ფერმერებმა ძროხა აჩუქეს.

მას შემდეგ, რაც დაცვის სამსახურმა დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში ძროხის შეყვანის უფლება არ მისცა, ლიაშკომ კარინა იმ მანქანაში დააბრუნა, რომლითაც იქ მოიყვანეს. სანამ დეპუტატი ძროხის პარლამენტში შეყვანას ცდილობდა, კარინამ მიმდებარე ტერიტორია ფეკალური მასით დააბინძურა. ამ დროს ტერიტორიაზე მილიციაც გამოჩნდა, რომელმაც ქუჩის დაბინძურების გამო დეპუტატი აიძულა, პირადად მოეწმინდა ძროხის ფეკალური მასა.

„ადამიანები ქუჩაში ყოველდღიურად გამოდიან იმ კანონების გასაპროტესტებლად, რასაც დამნაშავე ხელისუფლება იღებს და რომელიც ადამიანებს გაუსაძლის დღეში აგდებს. მე ყოველთვის ვიქნები ხალხის მხარეს,“ – განაცხადა ოლეგ ლიაშკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი