ახალი ამბები

ლეიბორისტები: “ივანიშვილი სპეცრაზმს აფინასებდა”

8 დეკემბერი, 2011 • • 1044
ლეიბორისტები: “ივანიშვილი სპეცრაზმს აფინასებდა”

დღეს, 8 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციზე “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რო ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკი” ქართველ სპეცრაზმელებს პრემიებით, საცხოვრებელი სახლებითა და სპეც. აღჭურვილებით უზრუნველყოფდა.

“როგორც ცნობილია, ქართელი ერის მარბიელ სპეცრაზმს 2007 წლიდან დღემდე აფინანსებდა ბიზნესმენი ბიძინა ივანშვილი. ქართველი ხალხის სისხლით გაუმაძღარ სპეცრაზმელებს, რაზედაც მთლიანად დგას დღევანდელი ხელისუფლება და დღევანდელი ძალადობრივი რეჟიმი, ყველანაირი ტექნიკური საშუალებებით ამარაგებდა “ქართუ ბანკი”, აგრეთვე, აქციების დარბევის შემდეგ ისინი ხსენებულ ბანკიდან ღებულობდნენ ფულად პრემიებს, ბინებს, მანქანებს, საოჯახო ტექნიკას და ა.შ. იმის გამო, რომ 500-ზე მეტ სპეცრაზმელს მრავალი წლის განმავლობაში ანგარიში ჰქონდათ გახსნილი ივანიშვილის ბანკში, კატეგორიულად მოვითხოვთ, ბანკმა გამოაქვეყნოს მონაცემები, ამ წლების მანძილზე რა თანხები ერიცხებოდათ მათ და საერთოდ, რამდენი მილიონი აქვს დახარჯული ბატონ ივანიშვილს ხალხის დარბევა-დასახიჩრება-ჩახოცვაში,” – განაცხადა დღეს სოსო შატბერაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანშვილს რეგულარულად აკითხავდა სოფელ ჭორვილაში და მასთან ერთად განიხილავდა სპეცრაზმელების აღჭურვილობისთვის თანხის გამოყოფის საკითხს.

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური პარტიების აქციის დაშლისას, “სპეცრაზმი ხალხს ივანშვილის ფულით ნაყიდი იარაღითა და აღჭურვილობით გაუსწორდა.” ის ირწმუნება, რომ აღნიშნული აქციების დაშლის შემდეგ, სპეცრაზმელებმა პრემიები “ქართუ ბანკისგან” მიიღეს.

სოსო შატბერაშვილის თქმით, მან ეს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუსგან შეიტყო, სადაც, თითქოს, ოქრუაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანშვილი აფინასებდა პოლიციას. თუმცა, “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ვერ გაიხსენა, კონკრეტულად როდის და რომელ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინტერვიუს დროს თქვა ეს ირაკლი ოქრუაშვილმა. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას ივანიშვილისადმი ამ ბრალდებების წაყენების საშუალებას ისიც აძლევს, რომ ბიძინა ივანშვილმა თავად განაცხადა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებას მე ვაფინასებდიო.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ საიდან იცის სოსო შატბერაშვილმა, სპეცრაზმელებს პრემიებს “ქართუ ბანკი” საკუთარი კაპიტალიდან აძლევდა და აქვს თუ არა მას ამის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტი მაინც, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ მან ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილისა და ბიძინა ივანშვილის ინტერვიუებისგან შეიტყო, დოკუმენტის გამოქვეყნებას კი “ქართუ ბანკისგან” ითხოვს.

“ლეიბორისტული პარტია” ერთ-ერთია იმ პოლიტიკური ძალებიდან, რომელთანაც თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად გამორიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი