ახალი ამბები

საჯარო განხილვა გაეროს რეზოლუციის შესახებ სამოქმედო გეგმის გარეშე

6 დეკემბერი, 2011 • 1654
საჯარო განხილვა გაეროს რეზოლუციის შესახებ სამოქმედო გეგმის გარეშე

დღეს პარლამენტში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325-ის განსახორციელებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა შედგა.

სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ცხრათვიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანია კონფლიქტურ და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში ქალთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი საჭიროებების გათვალისწინება კონფლიქტის დროს, გენდერული ძალადობის პრევენცია, სამშვიდობო  მოლაპარაკებებში, მშვიდობის შენებისა და შენარჩუნების პროცესებში ქალთა ჩართულობის მხარადაჭერა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსუდან კერვალიშვილმა საჯარო განხილვისას აღნიშნა, რომ გეგმის შემუშავების აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა – 2008 წლის აგვისტოს ომი განაპირობებს:

”გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325-ის სამოქმედო გეგმის შემუშავება განპირობებულია ქვეყნის პოსტკონფლიქტური პოლიტიკური მდგომარეობით. სამოქმედო გეგმა შეეხება ომის დროს დაზარალებულ გოგონათა და ქალთა დახმარებას, მათთვის ეკონომიკური გაძლიერებას ხელშეწყობას, სოციალური სახის ძალადობისაგან დაცვას და პრევენციას”.

სამოქმედო გეგმა 4 ძირითადი მიმართულებისაგან შედგება – მონაწილეობა, პრევენცია, დაცვა, რეაბილიტაცია.

შეხვედრისას უშუალოდ პროექტი არ წარადგინეს, ამიტომ კონკრეტულად რა ტიპის მოქმედებები განხორციელდება გეგმის შესრულებისას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა შეხვედრისას გამოიკვეთა ის მთავარი ორიენტირი, რომელი მიმართულებითაც სამოქმედო გეგმა იმუშავებს. გეგმის შესამუშავებლად გაწეული შრომაც სწორედ კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, პრევენციის და რეაბილიტაციის უზრუნველყოფას გულისხმობს.

სამოქმედო გეგმის შემუშავებას წინ უძღვოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ”იძულებით გადაადგილებულ ქალთა საჭიროებების შესახებ”. კვლევის ფარგლებში სულ 1144 ქალბატონი გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1.3 % (70 რესპონდენტი) ადასტურებს, რომ ჰქონდა ინფორმაცია სექსუალური ძალადობის შესახებ. მათ შორის 21 % ადასტურებს ინფორმაციას გაუპატიურების შესახებ,  32 % ადასტურებს ინფორმაციას ჯგუფური გაუპატიურების შესახებ, 14 % –გაუპატიურების მცდელობის შესახებ,  32 % ვერ ასახელებს, კონკრეტულად რა სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი და 1% ადასტურებს, რომ უშუალოდ შესწრებია გაუპატიურებას.

სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან ქალთა მიერ წამოყენებული პრობლემები უშულოდ არის სამოქმედო გეგმაში გათვალისწიენბული.

თამარ თავართქილაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ 9 თვის მანძილზე ორგანიზაცია ხვდებოდა სხვადასხვა რეგიონებისა და სოფლის მოსახლეობას, იმართებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეზოლუციისა და მისი პრინციპების შესახებ.

”მეორე მხრივ, ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ, განსახლებასთან, დასაქმებასთან, განათლებასთან და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით”.

გარდა კონფლიქტის დროს ქალთა ძალადობის პრევენცისაა და რეაბილიტაციისა, შეხვედრისას აქტიური განხილვის საგანს ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღების საკითხი წარმოადგენდა.

რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გეგმა აუცილებლად იმუშავებს, თუმცა როგორ, კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, იქიდან გამოდინარე, რომ დღეს გამართულ განხილვაზე უშუალოდ პროექტი წარმოდგენილი არ იყო:

”გეგმაში მითითებული 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი არის მონაწილეობა, მე გარწმუნებთ, რომ ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი. როგორც დაგპირდით თქვენც და სრულიად საზოგადოებას მოგაწოდებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასეა”.

შეხვედრისას აღინიშნა მონიტროინგის მნიშვნელობა, რომელიც სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ მონიტორინგი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა როგორ, ისევე, როგორც დანარჩენ საკითხებზე, კონკრეტული მონახაზი არ წარმოუდგენია, მაგრამ აღნიშნა, რომ სამაქმედო გეგმა უშუალოდ პროექტში ნათლად იქნება წარმოდგენილი.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია # 325 გაერომ 2000 წელს შეიმუშავა, რეზოლუცია მსოფლიოს მასშტაბით 32 ქვეყანაშია დამტკიცებული. ქვეყნები რეგულარულად წარადგენენ ანგარიშებს, თუ როგორ ხორციელდება  რეზოლუციის შესრულების საკითხი.

დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში, ასევე, ესწრებოდა ჯეიმს მაკგოლდრიკი, რომელიც გაეროს მუდმივი კოორდინატორია საქართველოში. ჯეიმს მაკლგოლდრიკმა აღნიშნა, რომ გაერო პროცესში მუდმივად იქნება ჩართული და აქტიურად დააკვირდება გეგმის განხორციელებას:

”იმედი მაქვს, რომ გეგმა წარმატებული იქნება. მთავარია, პრაქტიკული შედეგები დავინახოთ და პოსტკონფლიქტური რეგიონებიდან ქალებმა თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესება იგრძნონ და ეს საკითხი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს. იმისთვის, რომ რეალური შედეგი დავინახოთ, მონიტორინგი აუცილებელია”.

სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც შედიან წამყვანი სამინისტროების, უშიშროების საბჭოს  და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლები.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის # 325 სამოქმედო გეგმის საპარლამენტო განხილვა 2011 წლის დეკემბერში შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი