ახალი ამბები

ომბუდსმენი “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადების შესწავლას იწყებს

5 დეკემბერი, 2011 • 1354
ომბუდსმენი “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადების შესწავლას იწყებს

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ. სახალხო დამცველი ჟურნალისტების განცხადების შესწავლას იწყებს.

“მაესტროს” ჟურნალისტებმა სახალხო დამცველის აპარატს სპეციალური განცხადებით მიმართეს.

“მოგეხსნებათ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლებს უკვე რამდენიმე დღეა არ გვეძლევა საშუალება, სრულფასოვნად ვაწარმოოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა, რადგანაც ამ დრომდე ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები, ჩვენთვის უცნობი პირები. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა განცხადების სახით არაერთხელ მიმართეს მხარეებს მოლაპარაკებისთვის, ხოლო დაუდგენელ პირებს ტერიტორიის დატოვების თხოვნით, რაც აშკარად ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას.

მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ითვალისწინებს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე პასუხისმგებლობას. 2011 წლის 30 ნოემბერს მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს შენობაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შესვლის საშუალებას არ აძლევს საპატრულო პოლიცია, რაც არის ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, გარდა ამისა ჟურნალისტებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები პირები თანამშრომლებს არ აძლევენ ტელეკომპანიის ეზოში გადაადგილების საშუალებას, რაც ასევე არის ჩვენი ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა.

ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია, რომ სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ტელეკომპანიის შიდა საქმეებში, მაგრამ გაუგებარია დამოკიდებულება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე, რომელიც ჩვენ ამ განცხადებაში უკვე ჩამოვთვალეთ და რომლის ამსახველი ვიდეომასალაც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა.

მოგმართავთ თხოვნით, იხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის 154-ე მუხლით – ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის თაობაზე და სახალხო დამცევლის შესახებ ორგანული კანონის მეცამეტე მუხლით, რომელიც თქვენს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს და გავალდებულებთ, მოახდინოთ რეაგირება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლაზე. ჩვენ ველით თქვენს გამოხმაურებას, რომ დაიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება,” – ნათქვამია “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადებაში.

აღნიშნული მიმართვის საპასუხოდ სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, რომლის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–14 მუხლის საფუძველზე, იწყებს განცხადების შესწავლას.

განცხადების შესწავლის შედეგები, სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, მისი დასრულების შემდეგ დამატებით ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი