ახალი ამბები

ბიზნესმენ ქოქოლაძის ადვოკატი საპროცესო გარიგებაზე საუბრობს

5 დეკემბერი, 2011 • 953
ბიზნესმენ ქოქოლაძის ადვოკატი საპროცესო გარიგებაზე საუბრობს

ანზორ ქოქოლაძე
ანზორ ქოქოლაძე

„ელიტ–ელექტრონიქსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ანზორ ქოქოლაძის ადვოკატი ლელა ნადიბაიძე საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება. ნადიბაიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ქოქოლაძის საქმეს ამ ეტაპზე  სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატა განიხილავს.

„გასულ კვირას დანიშნული სასამართლო  პროცესი,  საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით  15 დეკემბრისთვის გადაიდო,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლელა ნადიბაიძემ.

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები:

„პროკურატურის მხრიდან  კონკრეტულად არ არის დასახელებული თანხა.  ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით წინადადებას ამ უწყებისაგან,“ –ამბობს ნადიბაიძე.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა პროკუარტურის წინაშე ანზორ ქოქოლაძის ადვოკატმა დააყენა.

„ჩვენ ვიშუამდგომლეთ საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი უკვე მესამედ გადაიდო. ახლა ველოდებით პროკურატურიდან პირობებს. როგორ მოხდება სამართლებრივი შეთანხმება და რა რაოდენობის იქნება თანხა, ჯერჯერობით ჩვენთვის ამის თაობაზე ცნობილი არ არის. პროკურატურამ გვითხრა, რომ  გადავდოთ პროცესი და  შევთანხმდეთო,“– ამბობს ნადიბაიძე.

2011 წლის 3 დეკემბერს ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის დაპატიმრებიდან  1 წელი და 4 თვე გავიდა. მსჯავრდებული სასჯელს  გლდანის მეოთეხე დაწესებულებაში იხდის. ადვოკატ ლელა ნადიბაიძის განმარტებით,  ქოქოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ქოქოლაძეს  აქვს ოპტიმისტური განწყობა და სჯერა, რომ სამართლებრივი მექანიზმებით, შედეგს მიიღებს,“– ამბობს ნადიბაიძე.

ს/ს  „ელიტ ელექტრონიკსის“ ყოფილი დამფუძნებელი და დირექტორი ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის 3 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის თანამშრომლებმა დააკავეს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ანზორ ქოქოლაძემ 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

„ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილმა მმართველმა და მფლობელმა, ანზორ ქოქოლაძემ „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური წერილით მიმართა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა. ქოქოლაძის „ელიტ-ელექტრონიქსი“ “თიბისი ბანკს” საკუთრებაში, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 2010 წელს გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის  აპრილის გადაწყვეტილებით, ანზორ ქოქოლაძე დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე და 360–ე მუხლების თანახმად სცნეს. სასამართლომ მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი