“10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას.
ადგილობრივებს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
მიხეილ სააკაშვილით თქმით, ანაკლიასა და ყულევს შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი, სახელწოდებით– ლაზიკა.
გეგმის თანახმად, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნესცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავიზღვისპირეთის მასშტაბით.
პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით.
ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში. მიხეილ სააკაშვილმა ყველა ქართველს, მათ შორის, უცხოეთში წასულ მოქალაქეებსა და აფხაზეთიდან დევნილ ხალხს, მოუწოდა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა.
მან ისიც აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება.
– “არქიტექტორებითვის კი კონკურსი ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




