ნეტგაზეთი | ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს – Netgazeti

ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს, რომელიც ბეჭდური მედიის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს იმ პრობლემას მაუხსნის, რაც მათ თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროგრამის გამო შეექმნათ.
ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს, რომელიც ბეჭდური მედიის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს იმ პრობლემას მაუხსნის, რაც მათ თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროგრამის გამო შეექმნათ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მერიამ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა სხვადასხვა ადგილები, მათ შორის ისინიც, სადაც პრესის გამავრცელებელი ჯიხურები ფუნქციონირებდა წლების მანძილზე.

აუქციონზე დაფიქსირებული მაღალი ფასების გამო პრესის გამავრცელებელი კომპანიები ვერ ახერხებენ ადგილების შენარჩუნებას, რის გამოც ბეჭდური მედიის გავრცელებას საფრთხე დაემუქრა.

ამის გამო, “პრესის ასოციაციის” ორგანიზებით, რომელიც გაზეთების გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს აერთიანებს, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს: გაავრცელეს სპეციალური მიმართვები, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სოლიდარობის განცხადებებით გამოეხმაურნენ, 29 ნოემბერს კი თბილისის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა, სახელწოდებით – “მე ვკითხულობ პრესას”.

გუშინ, 1 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ასოციაციის წარმომადგენლებსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შორის, თუმცა მოლაპარაკება მხარეებს შორის უშედეგო აღმოჩნდა. თბილისის მერია ჯერჯერობით არ აპირებს უკან დახევასა და ასოციაციის მოთხოვნის შესრულებას – ჩატარდეს სპეციალიზებული აუქციონი, რომელშიც მხოლოდ პრესის გამავრცელებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ  მცირე ბიზნესის  მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში  ჯიხურების იჯარით გაცემაზე 19 ოქტომბერს გამოაცხადა აუქციონი. უკვე ჩატარდა რამდენიმე აუქციონი, რის შედეგადაც მერიის ფავორიტმა კომპანიებმა გაიმარჯვეს.

ამ კომპანიებსა და მერიას შორის არსებული კავშრების შესახებ კვლევა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა.

“ჩვენ გავაცანით ივანიშვილს ”საია”–ს კვლევა, თუ როგორ ლობირებს მერია საკუთარ კომპანიებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

“პრესის ასოციაციის” წარმომადგენლები ივანიშვილს მისივე ინიციატივით დღეს შეხვდნენ.    

“ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც პრესის გავრცელებასთან არის დაკავშირებული და გამოხატა სურვილი და ინტერესი, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს ინტერესი გამოიხატა და უახლოეს დღეებში კონკრეტულ საკითხებზე იქნება საუბარი და იქ შევძლებთ უფრო კონკრეტულად საუბარს”, – ამბობს “პრესის ასოციაციის” წარმომადგენელი ლაშა ტუღუში “ნეტგაზეთთან” საუბარში.

როგორც ირკვევა, ივანიშვილმა შეთავაზა “პრესის ასოციაციის” წარმომადგენლებს, რომ მოამზადონ კონკრეტული პროექტი, რომელიც მოემსახურება ამ პრობლების მოგვარებას და რომელსაც გრანტის ან  კრედიტის ფარგლებში დააფინანსებს.

შეხვედრის დროს რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, მათ შორის ისიც, რომ თავად იავნიშვილს მიეღო აუქციონში მონაწილეობა არსებული პრესის გავრცელების კომპანიების სახელით, რაზეც აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ.

საბოლოოდ, ყველა მხარისთვის მისაღები ფოსტალიონების ინსტიტუტის ამოქმედება აღმოჩნდა.

”ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, კონკრეტული პროექტი არ არსებობს, თუმცა ივანიშვილი ფოსტალიონის ინსტიტუტის ამოქმედებაში ფინანსური რესურსის ჩადებას არ გამორიცხავს,” – ამბობს ელისო ჩაფიძე.   

მისივე თქმით, ამის მიუხედავად,  ”პრესის ასოციაციამ” უნდა გააგრძელოს აქტიური კამპანია იმ ადგილების შესანარჩუნებლად, რაც ამ დროისთვის აქვს თბილისში.

”კიდეც ვთქვი ამ შეხვედრაზე, რომ ჩვენ აქტიურობა უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ამ თვალსაზრისით ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება,”- აღნიშნავს ჩაფიძე.

ამავე თემაზე:

”პრესის ასოციაცია” ივანიშვილს ხვდება

„პრესის ასოციაციის“ და ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი