საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების   საკითხებში კახა კოჟორიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი 23-24 მაისს სტრასბურგში ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთანაც.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ  საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების  შემჭიდროებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *