ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

1 დეკემბერი, 2011 •
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობეს და 182 ქვეყანას შორის 64–ე ადგილი დაიკავა.
შარშან საქართველომ 3.8 ქულით 178 ქვეყანას შორის 68–ე ადგილი დაიკავა. წელს – 4.1 ქულა მიიღო (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა – ძალიან კორუმპირებულს).
2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლი მხოლოდ თურქეთს აქვს (61–ე ადგილზეა 4.1 ქულით),  სომხეთს 129–ე ადგილი უკავია (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143–ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით).
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე აქვთ ახალ ზელანდიას, დანიას, ფინეთს, შვედეთსა და სინგაპურს. რანგირებაში ბოლო ადგილები დაიკავეს უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმარმა, ჩრდილოეთ კორეამ და სომალიმ.
საქართველოს დაწინაურებას 2011 წლის მონაცემებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ხელისუფლების მიერ ელექტრონული სერვისების დანერგვას უკავშირებს:
„ძალიან კარგია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში აქვეყნებს და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მონაცემებს და ხელს უწყობს ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ეს ძალისხმევა კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში, რომლებიც ნაკლებად გამჭვირვალედ მიიჩნევა“.
ამის მიუხედავად, გიგაურს მიაჩნია, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება საქართველოს მთლიანი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გასაუმჯობესებლად:
„ჩვენ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი“ აჩვენებს, რომ საქართველოში მმართველობის სისტემის დაბალანსება ჯერ კიდევ სუსტია. სასამართლო ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობაში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსებას. აღმასრულებელი შტო დიდწილად შემაკავებელი ძალის გარეშეა დარჩენილი, რადგან მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი“.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას რამდენიმე რეკომედაციით მიმართავს:
  • გააძლიეროს პარლამენტის როლი საქართველოს მმართველობის დაბალანსებული სისტემის განვითარებისთვის. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი პირობები უნდა მიეცეს 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად;
  • უნდა გაგრძელდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რადგან სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდეს. საპროცესო გარიგების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა მოქმედებდეს შერჩევითი სამართლი;
  • ელექტრონული მმართველობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. უნდა მოხდეს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ონლაინ რეჟიმში, რადგან მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში, ხელი მიუწვდებოდეს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციაზე;
  • მთავრობა არანაირი სახით არ უნდა ერეოდეს მედიასექტორის საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი