პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოშიც იმართება სხვადასხვა ღონისძიებები.
ორგანიზაცია ”ლგბტ” საქართველო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად თბილისში, ვარდების მოედანზე, აქციას გამართავს. თბილისის პირველ გიმნაზიაში მოსწავლეებისა და თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით შიდსის ლოგოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება, შარდენის ბაღში შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი” საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის აქციას -“აიცილე შიდსი” გამართავს,- ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართება.
შიდსის მსოფლიო დღე 1988 წლიდან მოყოლებული UNIAids-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და რამდენიმე მეგობარი ორგანიზაციის ინიციატივით ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთიანდება, რათა პატივი მიაგოს აივ ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნას, აღნიშნოს მიღწეული წარმატებები ეპიდემიასთან ბრძოლაში და დაადასტუროს საკუთარი მზაობა ეპიდემიის დასრულებისთვის.
დაავადება შიდსი ეპიდემიად 30 წლის წინათ გამოცხადდა. დღესდღეობით მსოფლიოში 34 000 000 აივ პოზიტივი ცხოვრობს.
UNIAids-ის 2011 წლის კველევაში ნათქვამია, რომ სტატისტიკური მონაცემები, ისე როგორც არასდროს, იმედისმომცემია:
”ეპიდემიის დასასრული შესაძლებელია მალე დადგეს, თუ ქვეყნები ჭკვიანურად ჩადებენ ინვესტიციას”- წერია კვლევაში.
UNIAids-ის კვლევაში წერია, რომ შიდსის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 21 %–ით დაიკლო 2005 წელთან შედარებით, როდესაც შიდსის გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
2011 წლის რეპორტში ასევე ნათქვამია, რომ აივ ინფიცირებულთა რიცხვიც ასევე 21 %–ით დაეცა 1997 წელთან შედარებით, როდესაც აივ ინფიცრებულების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიშელ სიდიბე წერს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევებია აივ ინფექცისაა და შიდსის დაავადების კუთხით:
”მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ქვეყნები აქტიურად ებრძვიან შიდისის დაავადებას, რადგან შიდსი ვერაგია და მოსახლეობის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა აქვს”.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ყოველ წელს თან ახლავს ლოზუნგი. წლევანდელი წლის ლოზუნგია- ”დაიყვანე ნულამდე”.




