ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

30 ნოემბერი, 2011 • • 1375
ეროსი კიწმარიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ტელეკომპანიაში შეუშვა და განაცხადა, რომ ის ტელევიზიის შენობაში კანონიერად იმყოფება.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ის “მაესტროში” დღეს დილით ადრე მივიდა, კარი დაკეტილი დახვდა, თუმცა „ალპინისტური გამოცდილება გამოიყენა“ და ტელეარხის ეზოში ღობედან გადაძვრა. კიწმარიშვილს მიაჩნია, რომ მას უფლება აქვს ჩაერიოს არხის მართვაში, რადგან მისი განვითარებისთვის  4.5 მილიონი აშშ დოლარი მიიზიდა. აქედან გამომდინარე კი, მიიღო გადაწყვეტილება, არხიდან დაეთხოვა: “მაესტროს” პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, ასევე – ლევან ჩიკვაიძე.

როგორც კიწმარიშვილი ამბობს, აღნიშნულ პირებს ტელეკომპანია “მაესტროში” წილები აქვთ  და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ როგორც თანამშრომლები და არა – როგორც მეწილეები. კიწმარიშვილის მტკიცებით, მას უნდოდა საეთერო სტუდიაში შესვლა, თუმცა ლევან ჩიკვაიძემ ტელეკომპანიის ყველა კარი ჩაკეტა და გასაღები გადააგდო.   ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ტელეკომპანიაში შესვლას ჯერ კიდევ გუშინ აპირებდა, თუმცა, რადგან  “მაესტროს” ეთერში ბიძინა ივანშვილი იყო მიწვეული, განზრახვა დილისთვის გადადო. დღეს დილიდან კი დაიწყო „კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელება.”

ეროსი კიწმარიშვილი დღეს, 30 ნოემბერს, გამთენიისას, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში ღობიდან გადაძვრა და უცნობ პირებთან ერთად ტელეარხის შენობა დაიკავა და შიგნით არავის არ უშვებდა. ჯერჯერობით, უცნობია ტელეარხის თანამშრომლების პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი