საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება კორცხელის საარჩევნო უბანზე 22 მაისს, არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის ფაქტებს.

ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები ჟურნალისტებს, მათ შორის livepress-ის ჟურნალისტს „პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მისდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.

ამას გარდა,  ipress.ge-ს კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა  „კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა და ასევე დაემუქრნენ მას.“

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებ,ს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რათა სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა,” – ნათქვამია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *