რესპუბლიკური პარტია სოლიდარობას უცხადებს დღეს დედაქალაქის მერიასთან დაგეგმილი აქციის მონაწილე ბეჭდური მედიის გამავრცელებლებს და წარმომადგენლებს და უერთდება ქართული პრესის წარმომადგნელების მიერ გავრცელებულ განცხადებებს და მოთხოვნებს.
რესპუბლიკური პარტია პროტესტს გამოთქვამს თბილისის მერიის მხრიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღების გადაწყვეტილების შესახებ. თბილისში მერიის მიერ ჯიხურების განთავსების შესახებ რამდნეიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთის მხრივ პრესაზე და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესზე მორიგი შეტევის ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
რესპუბლიკელები, პირველივე დღიდან ვეწინააღმდეგებოდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი ამ სფეროს მონოპოლიზაციას და მცირე ბიზნესის განდევნას ემსახურება მიზნად.
ამასთანავე, მოვითხოვთ, თბილისის მერიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს უკვე ჩატარებული აუქციონების არა მხოლოდ სტატისტიკური შედეგები, არამედ კონკრეტული ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც მიენიჭა დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმის მრავალწლიანი უფლება.
გადაწყვეტილების მიმღებთათვის სრულიად ნათელია, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები ვერასოდეს მოახერხებს, რეალური კონკურენცია გაუწიოს სურსათის, თამბაქოს ან ლატარიის კომპანიებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ სეგმენტში “განსაკუთრებული” ადგილი დავით კეზერაშვილის კომპანიას უკავია და ბაზარზე დღეს მოქმედი სხვა ფირმების განდევნით ხელისუფლება სწორედ მის კომპანიას უტოვებს მონოპოლურ მდგომარეობას.”–აცხადებენ რესპუბლიკელები.
დღესვე სოლიდარობა ბეჭდურ მედიას “ქართულმა პარტიამაც” გამოუცხადა.
„ქართული პარტია“ პროტესტს გამოთქვამს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი შეტევის გამო, რაც პრესის გამავრცელებელი ჯიხურების საქმიანობის შეწყვეტის მცდელობაში გამოიხატება. ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს, ხელი შეუშალოს და შეზღუდოს ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეები საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფოს. „ქართული პარტია“ სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეკონომიკური ბერკეტებით ბეჭდვითი მედიის დევნა”, –ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.