ნეტგაზეთი | პრეზიდენტის ადმინისტრაცია შსს-ს კორცხელის მოვლენების უსწრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შსს-ს კორცხელის მოვლენების უსწრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს – Netgazeti

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შსს-ს კორცხელის მოვლენების უსწრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზუგდიდში, სოფელ კორცხელში განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადბით, პრეზიდენტი გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ამ ინციდენტს არ ჰყავს გამარჯვებული, არამედ მხოლოდ დაზარალებულები.

“იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები, დაზარალებულია ამომრჩეველი და სახალმწიფო ინტერესები. არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით. მთლიანობაში კი ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროცესი. როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაზიანება,” – განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.

სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი