ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ბიშკეკში ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირადი მოწვევით ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება.
ბიშკეკში სტუმრობისას საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის მოქმედ პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ალა არჩას სახელმწიფო რეზიდენციაში ოფიციალური ვახშმის ფარგლებში გაიმართა.
თავის მხრივ, როზა ოტუნბაევამ, რომელმაც პრეზიდენტის რანგში ბოლო ოფიციალური ვახშამი მიხეილ სააკაშვილთან გამართა, საქართველოს ლიდერს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბიშკეკში ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციას რეგიონის ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და წარმომადგენლობითი დელეგაციები დაესწრნენ.







