ახალი ამბები

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

28 ნოემბერი, 2011 • 1084
მედია  „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ქართული მედიის წარმომადგენლები  29  ნოემბერს, 14:00 საათზე, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. მედიასაშუალებები თბილისის მერიის მიერ ბიზნესის მხარდაჭერის ეგიდით გამართული „ჯიხურების  აუქციონის“ შედეგებს გააპროტესტებენ.

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, დედაქალაქში პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღება მოხდება და მათ ნაცვლად ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანიები ახალ ჯიხურებს ჩადგამენ. „პლანეტა ფორტეს“ და „მაცნეს“ დედაქალაქის მერიამ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. კომპანიებმა, რამდენიმე ჯიხური უკვე აიღეს. „რეზონანსი“ მერიის ქმედებას მცირე ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლად აფასებს.

„ჯიხურების აუქციონის“ თემას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურნენ.

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას. კოალიცია თხოვნით მიმართავს მერიას, გააუქმოს დანიშნული აუქციონი, დაუყოვნებლივ შეხვდეს ბეჭდური მედიის  გამომცემლებსა და გამავრცელებლებს და მათთან თანამშრომლობით ისე გადაწყვიტოს საკითხი, რომ არ დაზარალდეს ბეჭდური გამოცემები და მათი მომხმარებელი,” – ნათქვამია კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადებაში.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მერიის ე.წ. „1000 ჯიხურის“ აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად დგას ან ა.წ. 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” პრესის ჯიხურების აღების საპროტესტოდ მერიასთან ხვალისთვის დაგეგმილ აქციასაც შეუერთდება.

საქართველოს პრესის ასოციაცია საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ყველა დაინტერესებული პირის მისამართით მიმართვას ავრცელებს:

“ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს, სათაურით “მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა”, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას.” აღნიშნულ  მიმართვას  ხელს აწერენ: საქართველოს პრესის ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და სხვადასხვა მედიაორგანიზაციები.

მედიის პროტესტს მერიის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე პასუხობს:

“სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოპოვების აუქციონში მონაწილეობის საშუალება ყველა კომპანიას აქვს, მოგების შემთხვევაში კი მას უფლება ეძლევა, გაყიდოს ის საქონელი, რომელიც სურს, მათ შორის ჟურნალ-გაზეთები. ყველა კომპანია იქნება თანაბარ პირობებში, რადგან დაუშვებელია რომელიმეს მიეცეს პრივილეგირებული მდგომარეობა. ამით ჩვენ დავარღვევთ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს”.

მისი თქმით, ახალ სავაჭრო ჯიხურებში, სურვილისამებრ, პრესის გაყიდვაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, დოლიძე გამოეხმაურა იმ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, აღება არ ემუქრება “უააიდ დისტრიბუშენის” ქსელის 250 ჯიხურს და აღნიშნა, რომ როგორც კი ამ სადისტრიბუციო კომპანიას ჯიხურების განთავსების ნებართვის ვადა ამოეწურება, მასზეც ახალი აუქციონი გამოცხადდება.

“პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერავინ იქნება. თუ საუბარია იმ ჯიხურებზე, რომელთა მფლობელ კომპანიებს აქვთ შესაბამისი ნებართვა, როგორც კი მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დაუმთავრდებათ, იმ ტერიტორიაზეც ხელახლა გამოცხადდება აუქციონი”, – აღნიშნავენ მერიაში.

მერიამ “მცირე ბიზნესის მხარდაჭერის” ფარგლებში აუქციონი 19 ოქტომბერს გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი დაწყებულია.

დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი პროექტის– “1000 ჯიხურის”  ფარ­გ­ლებში  თბი­ლის­ში თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ჯი­ხუ­რე­ბი დე­კემ­ბ­რი­დან და­იდ­გ­მე­ბა.

გა­მო­ყო­ფი­ლი 1000 ად­გი­ლი დედაქალაქის ყველა რა­ი­ონს მო­ი­ცავს. თი­თო­ე­ულ ად­გილ­ზე 6 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ჯი­ხუ­რე­ბი ჩა­იდ­გ­მე­ბა, მა­თი მფლო­ბე­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა კი ინ­ტერ­ნე­ტა­უქ­ცი­ო­ნის მეშ­ვე­ო­ბით უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. აუქ­ცი­ონს, სა­დაც ჯი­ხუ­რე­ბის წლი­უ­რი იჯა­რის საწყი­სი ფა­სი 1000 ლა­რი­დან იწყე­ბა და ბიჯი 50 ლარია, მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო 7 ნო­ემ­ბ­რი­დან ატა­რებს. დღემდე ჩატარებულია ხუთი აუქციონი, რომელზეც გამოტანილი იყო 250 ლოტი, აქედან 93–ზე გამარჯვებული გამოვლინდა, 157– ზე კი კონკურენცია არ ყოფილა. აუქციონებში ფიზიკურმა პირებმა და კომპანია „ნუგეშმა“ და „კოდამ“ გაიმარჯვეს.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

მასალების გადაბეჭდვის წესი