ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურმა მხარემ ხურჩაში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მასალებს ქართული მხარისგან ელის

20 მაისი, 2016 • 1310
აფხაზურმა მხარემ ხურჩაში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მასალებს ქართული მხარისგან ელის

საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა გეგმავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს, რათა 14-15 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის საშუალებით ქართული მხარისგან 19 მაისს სოფელ ხურჩაში მკვლელობის ფაქტზე გამოძიებისთვის საჭირო მასალები მიიღოს.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ “გია ოთხოზორია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ინციდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად საჭირო დოკუმენტების არქონის გამო დაიწყო. ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც ქართულ მხარეს გაგრძელდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა”.

აფხაზური მხარის ცნობითვე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის განხრაზ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ქართულმა მხარემ შემთხვევის შესახებ უკვე აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი