ახალი ამბები

ევანგელიკური ეკლესია შიდსით დაავადებულებს მკურნალობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

25 ნოემბერი, 2011 •
ევანგელიკური ეკლესია შიდსით დაავადებულებს მკურნალობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ბრიტანეთში, მას შემდეგ, რაც მათ ევანგელიკური ეკლესიის რჩევით შეწყვიტეს მკურნალობა იმუნოდეფიციტის სინდრომის წინააღმდეგ.

საუზვარკის, სამხრეთ ლონდონის  ევანგელიკური ეკლესია აღნიშნული დაავადების განკურნებისთვის საკუთარ მრევლს მოუწოდებდა, რომ ყოველგვარ მკურნალობაზე უარი ეთქვათ და ისინი განკურნავდნენ მათ უფლის დახმარებით.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “Sky News” აქვეყნებს. ტელეკომპანიის განცხდებით, თვეში ერთხელ აღნიშნულ ევანგელიკურ ეკლესიაში ეწყობა ლოცვა, რომელსაც ევროპიდან ჩამოსული ადამიანი სხვადასხვა დაავადებისგან განკურნების მიზნით ესწრება.

აღნიშნული მკურნალობა ერთგვარი რიტუალია. “მკურნალობის პროცესში” ჩართულია პასტორი და იმისათვის, რომ განიკურნოს ავადმყოფი, პასტორი უყვირის, რათა ეშმაკი გამოვიდეს მისი (ავადმყოფის) სხეულიდან,  ხოლო ამის შემდეგ პასტორი წყალს აპკურებს მას სახეში.
“Sky News”–სთან საუბარში ერთ–ერთი პასტორი რაკელ ჰოლმსი აღნიშნავს, რომ მათი მკურნალობის მეთოდი ეფექტურია და ამის შემდეგ HIV სინდრომით დაავადებულები მთლიანად ინკურნებიან.

ყოფილი ჯანდაცვის მდივანი ლორდ ფოულერი კი საზოგადოებაში არნიშნულ გზავნილს სახიფათოდ მიიჩნევს.

“ეს არის უგუნური და ტრაგიკული რჩევა, რადგან მსგავსმა რჩევამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგები, რომელიც შიდსით დაავადებულებს კი არ დაეხმარებათ, არამედ გამოიწვევს ფატალურ შედეგს – სიკვდილს,” – აღნიშნა ფოულერმა.

ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, ევანგელიკური ეკლესიის მოწოდებას მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე სულ მცირე 6 პაციენტი ემსხვერპლა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი