თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო 17 მაისის ღამეს დაკავებული მარი კურტანიძის სასამართლო პროცესიც. მანამდე სასამართლომ კიდევ ერთი დაკავებულის პროცესი გადადო.
მარი კურტანიძე პოლიციამ 17 მაისს საპატრიაქროს შენობასთან დააკავა და იმავე დღესვე გაათავისუფლა სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე. მას სხვა დაკავებულების მსგავსად ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (შენობის იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში ედება.
მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან არც იცოდა, რომ პირი, რომელიც მათ მისდევდათ, პოლციელი იყო. ამის დამადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ფოტო, რომელზეც ასახულ პირს არ აცვია პოლიციის ფორმა.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს ფოტო თან დაერთოს საქმეს მტკიცებულებად, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარემ თბილისის მერიიდან გამოითხოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელზეც მათი მტკიცებით ასახული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პირებს, რომლებიც სტენსილების აქციაში მონაწილეობენ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები მისდევენ, შესაბამისად, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა არ დასტურდება. ამ მასალების მოწოდებამდე მოსამართლემ პროცესი გადადო და დაცვის მხარეს უთხრა, რომ თუკი ვერ მიიღებენ მასალას მერიიდან, შემდეგომ დააყენონ შუამდგომლობა.
დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა, რომ საქმეში მტკიცებულებად ჩართონ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოქმი, რომელიც შედგენილია 2016 წლის 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში და რომელშიც ასახულია დაკავებულების ახსნა-განმარტებები პოლიციელების ქმედებებზე.
ადვოკატის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ. შუამდგომლობის მიხედვით, მოწმის სტატუსით დაიკითხება ოთხი აქტივისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არც ამ პროცესს ესწრებოდა, ისევე, როგორც 17 მაისს დაკავებული კიდევ ერთი პირის პროცესს. ორივეს საქმის განხილვა მოსამართლემ 10 ივნისისთვის გადადო.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 17 მაისის ღამეს დაკავებული 6 პირის საქმეს ცალკ-ცალკე იხილავს. ყველა მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში ედებათ.
17 მაისის ღამეს პოლიციამ სულ 10 პირი დააკავა ანტიჰომოფობიურ წარწერების გაკეთების მცდელობის გამო- 7 საპატრიარქოს შენობასთან, 3 კი- პარლამენტის.
წელს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში ამ დაკავებებით აღინიშნა – ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს ვერ გამართავდნენ საჯარო აქციას, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა. ის აქტივისტები კი, რომლებიც ანტიჰომოფობიურ წარწერებს აკეთებდნენ, დააკავეს, ხოლო წარწერები გადაღებეს.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საჯაროდ აღნიშვნას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი, ასევე, ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება.
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება 17 მაისს. თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.