„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის აშშ–ში, თეთრის სახლის წინ, გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
“შალვა ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება არ დასჭირებოდა ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის იქიდან წამოძახება, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში. მაგის თქმა მინდა, რომ ინგლისურის ცოდნა ყველასთვის სასარგებლოა“,–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 25 ნოემბერს, მასწავლებელის სახლში მასწავლებლებთან შეხვედრის დროს.
საქართველოს პრეზიდენტი მასწავლებლის სახლში დღეს გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მასწავლებლებს მთავრობის ინიციატივები და ახალი პროექტები გააცნო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, აღმშენებლობის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს და ამ საქმეში ყველა ასაკის ადამიანი უნდა ჩაერთოს. პრეზიდენტმა თბილისის გარეუბნების კეთილმოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველა რაიონი ისევე უნდა გალამაზდეს, როგორც აღმაშენებლის გამზირი და რიყის მიმდებარე ტერიტორია გაკეთდა. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, თბილისი საცხოვრებლად უნდა იყოს კომფორტული.
პედაგოგებს მან ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად, გლდანის რაიონში აშენდება ტექნიკური სასწავლებელი, სადაც მსურველები ახალ პროფესიებს დაეუფლებიან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი პირადად უხელმძღვანელებს ამ სასწავლებელს და თავად ჩაერთვება მუშაობის პროცესში.
„ვაპირებ, შეთავსებით გავხდე მისი დირექტორი,“–განაცხადა პრეზიდენტმა.