ახალი ამბები

სასამართლოში 17 მაისს ანტიჰომოფობიური წარწერების გამო დაკავებულების პროცესი დაიწყო

20 მაისი, 2016 •
სასამართლოში 17 მაისს ანტიჰომოფობიური წარწერების გამო დაკავებულების პროცესი დაიწყო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის ღამეს საპატრიარქოსთან დაკავებული 6 პირის საქმეს განიხილავენ. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა აქტივისტების ნაწილი საპატრიარქოს შენობაზე ანტიჰომოფობიური წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.

დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე 17 მაისსავე გაათავისუფლა, თუმცა მათ ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში.

სასამართლო ცალკ-ცალკე განიხილავს თითოეული დაკავებულის საქმეს. ექვსიდან ერთი-ერთის პროცესი უკვე გადაიდო.

მოსამართლემ ამის მიზეზად რამდენიმე გარემობა დაასახელა. მათ შორის დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან 10 შუქნიშნის კამერის ვიდეომასალების ამოღებას. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პირი, რომელსაც ბრალდების მხარე 17 მაისს შენობის იერსახის დამახინჯებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს, საერთოდ არ მონაწილეობდა სტენსილების გაკეთებაში. მან აქტივისტები მიიყვანა საპატრიარქოს შენობასთან, არ იცოდა მათი მიზნების შესახებ და მანქანაში ელოდებოდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ პირს არათუ წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის, არამედ თავისი მანქანით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს და ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ შუქნიშნების ვიდეომასალაში გამოჩნდება, რომ ის თავისი მანქანით მიდის პოლიციაში.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. კიდევ ერთ მიზეზად მოსამართლემ ის დაასახელა, რომ 13 პოლიციელიდან, ვინც სასამართლომ მოწმის სტატუსით უნდა დაკითხოს, უცნობია, ყველა მივიდა თუ არა სასამართლოში.

სასამართლო დღეს აგრძელებს 17 მაისის ღამეს დაკავებული 5 ატივისტის საქმის განხილვას. ყველა მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევაში ედებათ.

17 მაისის ღამეს პოლიციამ სულ 10 პირი დააკავა ანტიჰომოფობიურ წარწერების გაკეთების მცდელობის გამო- 7 საპატრიარქოს შენობასთან, 3 კი- პარლამენტის.

წელს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში ამ დაკავებებით აღინიშნა – ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს ვერ გამართავდნენ საჯარო აქციას, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა. ის აქტივისტები კი, რომლებიც წარწერებს აკეთებდნენ, დააკავეს, ხოლო წარწერები გადაღებეს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საჯაროდ აღნიშვნას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი, ასევე, ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება 17 მაისს.  თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი