ახალი ამბები

სახალხო კრება: ტერორის მიუხედავად, ბრძოლას ვაგრძელებთ

25 ნოემბერი, 2011 •
სახალხო კრება: ტერორის მიუხედავად, ბრძოლას ვაგრძელებთ
“ზეწოლის, ტერორისა და ხელის შეშლის მუდმივი მცდელობების მიუხედავად, “სახალხო კრება” შედგა და ის აგრძელებს ბრძოლას,” – აღნიშნა “სახალხო კრების” დაარსებიდან ერთი წლის თავზე “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გია ბურჯანაძემ.

დღეს, 25 ნოემბერს, “სახალხო კრების” აღმასრულებელმა საბჭომ ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

კრების სახელით გია ბურჯანაძემ გაიხსენა 26 მაისის მოვლენები და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რასაც კრება ერთი წლის განმავლობაში წააწყდა. ასევე, აღნიშნა, რომ “სახალხო კრება” ადეკვატურად აფასებს ახალ პოლიტიკურ რეალობას და იმ ძვრებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

“სახალხო კრება” ყველაფერს გააკეთებს იმ პროცესის ხელშესაწყობად, რომელიც მიმართული იქნება ხელისუფლების რეალური შეცვლისა და ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ. “სახალხო კრება”, რომელიც ზეპარტიული ორგანიზაციაა და არ არის საარჩევნო სუბიექტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც არ შეურიგდება დღევანდელ რეჟიმს და არ გაურიგდება ხელისუფლებას.  “სახალხო კრება ბოლომდე იბრძოლებს რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რეალური და არა ფასადური ცვლილებებისთვის და როგორც ზეპარტიული ერთობა, ხალხთან ერთად არ დაუშვებს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას,” – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბრიფინგს პოლიტიკოსებიდან დაესწრნენ: “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა. არასამთავრობოებიდან – უფლებადამცველი ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ მათ კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი