ახალი ამბები

სააკაშვილმა ევროპარლამენტის წევრი დააჯილდოვა

25 ნოემბერი, 2011 •
სააკაშვილმა ევროპარლამენტის წევრი დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლისეკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

“საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლისეკი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გაწეული თანადგომისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოსთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მან აღნიშნა, ამ დოკუმენტში  ასახულია ისტორიული სინამდვილე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციაში გამოყენებულია ტერმინები „ოკუპაცია“ და „ეთნიკური წმენდა“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაგრძელება და ქართველი და პოლონელი გმირების საერთო ბრძოლის შედეგი.

მიღებული ჯილდოსთვის კშიშტოფ ლისეკმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს. მისი განცხადებით, იგი ევროპარლამენტის წევრთა იმ 93 პროცენტის წარმომადგენელია, რომელმაც მხარი დაუჭირა მიღებულ რეზოლუციას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ აღიქვამს და იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც იგი იმუშავებს საქართველოსთან, როგორც ევროპარლამენტის სრულუფლებიან წევრთან,”–ნათქმია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი