ახალი ამბები

რაზე შეთანხდნენ ივანიშვილთან მოკავშირეები

25 ნოემბერი, 2011 • • 987
რაზე შეთანხდნენ ივანიშვილთან მოკავშირეები
“დრო მოვიდა ბიძინა ივანიშვილს, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” მმართველი ორგანოების დონეზე ფართო და ერთიან პოლიტიკურ ფორმატში შეხვედრების,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა.
“თვენახევარია მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილს, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელებს შორის. უკვე მოვიდა დრო, რომ უფრო ფართო ფორმატში ეს სამი სუბიექტი ერთმანეთს შეხვედროდა. ჩვენ ორიოდე კვირის წინ გვქონდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია 35–კაციანი კომიტეტი და ამ შეხვედრაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტიის კომიტეტი. შეხვედრას თბილისის გარდა ამ ორი პარტიის რეგიონული წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბუნებრივი და რეალური პროცესია, ადეკვატური ვითარებაა, რომ არა მხოლოდ ხელმძღვანელების დონეზე, არამედ პარტიების, მმართველი ორგანოების დონეზე ეს სამი პოლიტიკური სუბიექტი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა,”  – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ივანიშვილისა და მათი მხრიდან მკაფიოდ და ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის კარი არ არის დაკეტილი.

“რა კონფიგურაციას მიიღებს საბოლოო ჯამში ეს ალტერნატიული სახელისუფლებო ცენტრი, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. არ არის საქმე ისე, რომ არის ეს სამი ძალა და დაიკეტა კარი სხვა ყველა დანარჩენისთვის. ეს სამი არის ერთად, კიდევ შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა, მაგრამ თავისთავად თემა დახურული არ არის,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთიანი საარჩევნო ბლოკის ფორმირების საკითხი გარკვეულ საკითხთა გამო არ განიხილეს.

“ჯერ ჩვენ არ ვსაუბრობთ საარჩევნო ბლოკზე. არჩევნები დანიშნული არ არის, ამასთანავე ხელისუფლება ქმნის ხელოვნურ ბარიერებს იავნიშვილის მოქალაქეობის პრობლემის სახით. შესაბამისად, ის ვერც პერსონალურად და ვერც პოლიტიკური სტრუქტურით ვერ იქნება ჯერ ფორმალური სუბიექტი. თუმცა, როდესაც სუაბარია ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმის ჩამოყალიბებაზე, სამუშაო პროცესი უკვე გაღრმავდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას,” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

“რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში დღეს გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი