ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პრეზენტაციის ახალი თარიღი გამოცხადდა

24 ნოემბერი, 2011 • 967
“ქართული ოცნების” პრეზენტაციის ახალი თარიღი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“  პრეზენტაცია 11 დეკემბერს ფილარომინიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ინფორმაციას ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.

“გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ 3 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ  სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სპორტის სასახლის გამოყოფას ჩვენ მაღალი საზოგადოებრივი  ინტერესის გამო ვითხოვდით, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება”, – ნათქვამია ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია სპორტის სასახლეში გადაინაცვლებს:

“მზად ვართ, ამ შემთხვევაში, ფილარმონიის ადმინისტრაციას პირგასამტეხლოც გადავუხადოთ. ჩვენი ინფორაციით, იმ დროისთვის სპორტის სასახლეში არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის და შესაბამისად არ არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზის გამოყოფაზე უარი გვითხრას. იმ შემთხვევაში თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სპორტის სასახლე მაინც უარს იტყვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში სამწუხაროდ ყველა მსურველს დასწრების საშუალება არ მიეცემა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს.”

ივანიშვილის პრეს–სამდივნომ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” პრეზენტაცია 25 ნოემბერს გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით პრეზენტაციის გადადების თაობაზე განაცხადეს იმ მიზეზით, რომ 25 ნოემბერს ფილარომინიის შენობის ნაწილი დაკავებული იყო, სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან კი სიტყვიერად მიიღეს უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი