ახალი ამბები

ახალი კანონმდებლობა და გახშირებული დაკავებები ყაზახეთში

19 მაისი, 2016 •
ახალი კანონმდებლობა და გახშირებული დაკავებები ყაზახეთში

ასობით უკმაყოფილო ადამიანი უკვე რამდენიმე კვირაა, მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობას ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს. სამართალდამცავებმა პროტესტის მონაწილეების დაკავებას მოუხშირეს.

მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციასთან დავაკშირებულ სიახლეს ყაზახეთის კანონმდებლობაში, რაც გამოუყენებელი მიწის უცხოელებზე იჯარით გაცემის პროცედურას ამარტივებს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აქტივისტები შიშობენ, რომ მიწის აუქციონები გამჭვირვალე არ იქნება, ეს კი ქვეყანაში კორუფციას ახალ გზას გაუხსნის. ისინი დიდ საპროტესტო დემონსტრაციებს 21 მაისს გეგმავენ.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ცნობით, 16-დან 18 მაისამდე ყაზახეთის სამართალდამცავებმა 15 დღით 12 აქტივისტი დააკავეს „საჯარო შეკრებაში მონაწილეობისათვის“.

„არავინ შეიძლება იყოს დაკავებული იმისათვის, რომ მშვიდობიან პროტესტზე დასწრება უნდა“, – თქვა მირა რიტმანმა, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მკვლევარმა ცენტრალურ აზიასა და ევროპაში.  მისი თქმით, ყაზახმა სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობას აპირებდა და მისცენ საზოგადოებას 21 მაისს დემონსტრაციის ჩატარების უფლება. რიტმანის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს საჯარო შეკრებების შესახებ რეპრესიული კანონიც.

როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა, ერმეკ ნამირბაევმა, „ჰიუმან რაიტს უოჩს“ უთხრა,  დაკავებულთა სასამართლო მოსმენებზე დამკვირვებლები და მედია არ დაუშვეს. მოსმენები კი შუაღამემდე გაგრძელდა.

სამოქალაქო ჯგუფ „აბიროის“  აქტივისტებს, ისატაი უტეპოვსა და ჟანატ ესენტანაევს, ყაზახეთის ქალაქ ურალსკში თვითმმართველობამ პროტესტის ჩატარების უფლება არ მისცა. მათი თანამებრძოლის, ლუკპან ახმედიაროვის თქმით, ქალაქის ადმინისტრაცია აძალებდა უტეპოვსა და ესენტანაევს, სოციალური ქსელებით მოეწოდებინათ ხალხისათვის, ნუ გამართავდნენ დემონსტაციას. აქტივისტებმა ამაზე უარი განაცხადეს.

5 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც სახელმწიფოს საბჭოთა პერიოდიდან, 1989 წლიდან მეთაურობს, ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციის ვადა 2017 წლამდე გადასწია. მიუხედავად ამისა, დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი