ნეტგაზეთთან 25 წლის კაცმა განაცხადა, რომ საყურის ტარების გამო გუშინ, 18 მაისს თბილისში უცნობმა პირებმა სცემეს. იგი საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრებს ამ თემაზე არ დაელაპარაკება.
მისი განცხადებით, საღამოს თემქაზე მიდიოდა მეგობართან და ამ დროს მიუახლოვდა ორი უცნობი, რომელთაც მისი გარეგნობა არ მოეწონათ, და ჰკითხეს, იმყოფებოდა თუ არა 17 მაისის აქციაზე.
“წითელი შარვალი მეცვა, ჩვეულებრივი ქურთუკი და საყურეებს ვატარებ. რახან წინა დღეს იყო აქცია, მაგას დაუკავშირეს. მკითხეს: აქციაზე იყავი, ბიჭო? – არა-მეთქი. აბა, მაშინ,ეს რა არისო და საყურეს მოკიდეს ხელი. მერე მეც დავიძაბე, შევყევით ერთმანეთს და მოხდა ჩხუბი. თავში დამარტყეს, თვალის არეში და ცხვირში, კბილი ჩამიმტვრიეს,”- აცხადებს ახალგაზრდა კაცი ნეტგაზეთთან საუბრისას.
მომხდარის შემდეგ, მისი თქმით, პოლიციაში არ დაურეკავს და პირდაპირ საავადმყოფოში მივიდა. თუმცა საავადმყოფოში ამ ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს. როგორც ამბობს, პოლიციის წარომადგენლები ჯერ არ უნახავს და ჩვენება არ მიუცია.
ბოლო პერიოდში ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც თბილისში მამაკაცი საყურის ტარების გამო ცემაზე საუბრობს.