მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მიზანშეწონილად მიიჩნიოს ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე (START) შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების შეჩერება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ამჟამინდელი გეგმის განხორციელებას.
“მე დავავალე შეიარაღებულ ძალებს, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შესახებ განახორციელონ მუდმივი დაკვირვება. ისინი (დასავლეთი) გვამშვიდებენ და გვეუბნებიან, რომ აღნიშნული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა, ეს განცხადებულია აღმასრულებელ დონეზე, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები კი გვეუბნებიან, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული,” – განაცხადა მედვედევმა.
ოფიციალური ვაშინგტონი კი არ ეთანხმება რუსეთის პოზიციას. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივნის, ტომი ვიეტორის განცხადებით, აშშ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს.
ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენიც გამოეხმაურა მედვედევის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის მუქარით ევროკავშირის საზღვრებთან რაკეტების განთავსების თაობაზე.
“თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია არის ერთადერთი გამოსავალი,” – აღნიშნა რასმუსენმა.