ახალი ამბები

რას მიაღწია საქართველომ ბოლო 8 წელიწადში

23 ნოემბერი, 2011 •
რას მიაღწია საქართველომ ბოლო 8 წელიწადში

რას მიაღწია საქართველომ ბოლო 8 წელიწადში? – ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს პრეზიდენტმა “ვარდების რევოლუციის” საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გახსნილი განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის დროს გასცა:

– არასოდეს, არც ერთ ეპოქაში, საქართველოში ამდენი აღმშენებლობა ერთად არ ყოფილა, როგორც ბოლო 5–6 წლის განმავლობაში;

– “ვარდების რევოლუციის” წინ ჩვენ არ გვქონდა შუქი, პრაქტიიკულად, პენსიები, სიღარიბის დონე იყო 52%, ჩვენ არ გვქონდა იმედი, მაგრამ დადგა მომენტი ჩვენი ისტორიის, როცა საზოგადოებამ თქვა უარი უიმედობაზე;

– 52% იყო სიღარიბე საქართველოში, დღეს ეს ჩამოვიდა 17%–მდე, მაგრამ ამ 17%–საც აქვს სამედიცინო დაზღვევა და რაღაც დახმარება, რაც არ ჰქონდა ადრე;

– საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ 3–ჯერ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობის დონე;

– საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოვსპეთ კორუფცია;

– საქართველოში მთავარი რამე დავამარცხეთ, ამდენი წლის განმავლობაში რუსები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენი ეროვნული ბრენდი არის კრიმინალი… ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდა კრიმინალი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს განათებულ ქუჩებში ვიაროთ უსაფრთხოდ.

მიხეილ სააკაშვილმა პრობლემურ საკითხზეც ისაუბრა და ასეთად უმუშევრობის თემა გამოყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჯერად მთავრობის გეგმას უმუშევრიბის მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს.

რევოლუციის 8 წლისთავზე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც შეეხო:

“ჩვენ განვიცადეთ ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო და შემდეგ, 2008 წლის ომი, მაგრამ რუსეთმა ვერ მოახერხა ამ ქვეყნის მთავრობის დამხობა და მისი მთლიანი ოკუპაცია… ვეღარასდროს ჩვენ ვერავინ დაგვაბრუნებს საბჭოთა კავშირში… საქართველოს აქვს დიდი მომავალი ევროპაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და “ვარდების რევოლუციის” ყველაზე დიდ მიღწევად ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 2011 წლის 17 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია დაასახელა. რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. ასევე რეზოლუცია უარყოფს ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები და დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ტერიტორიას.

მთლიანობაში, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ განვლილ პერიოდს საქართველოს პრეზიდენტი აფასებს, როგორც აღმშენებლობის 8 წელიწადს.

“მე აქ ვარ ახლა და ხშირად მაკრიტიკებდნენ, რომ აი, ბათუმს აშენებს. ქუთაისელები ამბობდნენ, რომ ჩვენ გადაგვიფრენს–გადმოგვიფრენს და ხელსაც არ დაგვიქნევს თვთმფრინავიდან, მაგრამ ნახეთ, გუშინ რა კეთდებოდა ქუთაისში და ქუთაისში წარმოუდგენელი აღმშენებლობა იქნება მომავალ წელს. იძახოდნენ, მარტო დასავლეთ საქართველო აინტერესებს და მომავალ წელს წარმოუდგენლად გაკეთდება კახეთი. ნახეთ, როგორ კეთდება სამეგრელო, თუნდაც ანაკლია რად ღირს და ახლა ვიწყებთ ძალიან დიდი მშნებელობას ზუგდიდში. ნახეთ, გორში რა შენებლობები გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე, გიგის [უგულავას] და ყველა ჩვენგანს ერთი წუთითაც არ გვავიწყდება, რომ ჩვენ აქედან ვართ, ჩვენ ვართ თბილისიელები და ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე, ყველაზე დიდი სათაყვანებელი, გიგისთვის, როგორც მთაწმინდელისთვის, ჩემთვის, როგორც პლეხანოველისთვის და საბურთალოელისთვის, რა თქმა უნდა, არის თბილისი. ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ ჩვენს დედაქალაქს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო საქართველოს დედაქალაქი, ეს არის მთელი კავკასიის დედაქალაქი. ეს იქნებ მსოფლიოს ყველაზე უფრო ლამაზე, ყველაზე უფრო კომფორტული დედაქალაქი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ ხნის მანძილზე შეცდომებიც დაუშვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას თვლის ის ხელისუფლების შეცდომად და ამაზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს… დაე, გვაკრიტიკონ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლება და აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად”.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა აღმაშენებლის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სლოგანით – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” – დაასრულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი