
დღეს, “ვარდების რევოლუციის” რვა წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თბილისში განახლებულ აღმაშენებლის გამზირს გახსნის.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე სამშენებლო ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში, მთელი დღე და ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დასუფთავების სამუშაოები გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს – მობილიზებულნი არიან მეეზოვეებისა და სახანძროს ჯგუფები, რომლებიც სამშენებლო ნარჩენებისგან ასუფთავებენ ტერიტორიას.
თბილისში პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია 2009 წლიდან დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავდა ტერიტორიას, დაწყებული თამარ მეფის გამზირიდან დასრულებული მარჯანიშვილის მოედნით.
პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა ხელოვნებათმცოდნეების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მთელ რიგ სახლებს დაეკარგა ისტორიული იერსახე.
ის, რომ დღეისთვის უნდა დასრულებულიყო აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს, გვიან ღამით განაცხადა, როცა სამუშაოების პროცესი ადგილზე დაათვალიერა.








