17 მაისს თბილისში დაკავებული ლგბტ აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციელების ნაწილი აგრესიული იყო, ნაწილი კი ჰომოფობიურ განწყობებს იჩენდა.
რესპოდენტები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ 10 აქტივისტი, რომლებიც 17 მაისს ღამით დააკვეს, ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. 7 აქტივისტი მივიდა საქართველოს საპატრიარქოსთან, შავთელის ქუჩის მხარეს, ასფალტსა და ღობეზე სტენსილების დასახატად, ხოლო ოთხმა აქტივისტმა, რომელთაგან ერთი პოლიციამ ვერ დაიჭირა, ვაჩნაძის ქუჩაზე, პუშკინის სკვერსა და რუსთაველის გამზირზე, ასფლატზე ცისარტყელა დროშა დახატეს.
ლგბტ აქტივისტმა მაგდა კალანდაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საპატრიარქოსთან ღამის 4-ის ნახევრისთვის სამი წუთის მისული იყვნენ და ასფალტზე ორი ნახატის გაკეთება მოასწრეს, როდესაც პოლიციელებმა დაიჭირეს ის და მისი 6 მეგობარი.
მაგდას თქმით, პიროვნება, რომელმაც დააკავა, სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლიციელი იყო. იგი აგრესიით გამოირჩეოდა.
მაგდას თქმით, ძველი თბილისის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც ტელეფონით სარგებლობის საშალებას არ აძლევდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც სასამართლოში გადაიყვანეს, სამმა პოლიციელმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ერთ-ერთი აქტივისტი ლიკაა [სახელი პირობითია], რომელმაც “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ოთხ მეგობართან ერთად ღამის 3:30 წუთზე მივიდა ვაჩნაძის ქუჩაზე, სადაც 2013 წლის 17 მაისს თავს დაესხნენ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” აქტივისტებს.
იგი ამბობს, რომ დახატეს ცისარტყელა-დროშა გადასასვლელზე. შემდეგ წავიდნენ პუშკინის სკვერში, სადაც მრგვალი სკამები შეღებეს ცისარტყელას ფერებში და ასფალტზე დახატეს აღნიშნული დროშა. ამის შემდგომ გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირის მხარეს, სადაც ასევე ხატავდნენ ცისარტყელა-დროშას.
აქტივისტი ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელი მივიდა. მათ ნაწილს არ ეცვა პოლიციის ფორმა. თავიდან წრე შემოარტყეს და ხმას არ სცემდნენ. აქტივისტის თქმით, პოლიციის განყოფილებაში მათ არ მისცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.
10 აქტივისტის საქმე, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების მიხედვით დააკავეს, 17 მაისვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
საპატრიარქოსთან დაკავებულებისგან ექვსის სასამართლო პროცესი 20 მაისამდე გადაიდო, ერთის კი- 30 მაისამდე. ხოლო რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამი აქტივისტის სასამართლო 17 მაისის შემდეგ 7 დღის ვადაში გაიმართება.
7 აქტივისტის სასამართლოი პროცესი, რომელიც საპატრუარქოსთან დააკავეს, დაცვის მხარის მოთხოვნით გადადიდო. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. იმის გამო, რომ პოლიციამ სასამართლოში ვერ წარმოადგინა დაკავების ვიდეოკადრები, დაცვის მხარე დაკავების მონაწილე 13 პოლიციელის მოწმის სტატუსით დაკითხვას ითხოვს.