ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა

22 ნოემბერი, 2011 • 1361
სააკაშვილი: რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა

პარლამენტის ქუთაისში გადატანამდე საქართველოს მთავრობის ყოველი მესამე ან მეოთხე სხდომა ამიერიდან მეორე დედაქალაქში გაიმართება. ამის პირობა დღეს ქუთაისში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დადო.

“პარლამენტი გადმოსვლის შემდეგ მთავრობას ბევრად უფრო ხშირად მოუწევს აქ ყოფნა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში 2012 წლის მაისში უნდა დასრულდეს, 26 მაისს კი, სააკაშვილის თქმით, ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მანამდე  საქართველოს მეორე დედაქალაქში მთავრობის სახლი გაიხსნა, სადაც დღეს ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობის პირველი სხდომაც გამართა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს არ უსაუბრია იმაზე, თუ რა ტიპის დატვირთვით იმუშავებს მთავრობის სახლის ხუთსართულიანი შენობა ქუთაისში, სამაგიეროდ გასცა დირექტივა, რომ დაიწყონ ადგილობრივი კადრების შერჩევა და მთავრობის სახლის შტატების დაკომპლექტება.

დღესვე საქართველოს მთავრობის კანცელარიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ცხადდება კონკურსი ქუთაისში საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაციის 10 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მაგალითად, კონკურსის წესით უნდა შეირჩეს საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი, მისი მოადგილე, ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი და ა.შ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ისაუბრა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით მიაღწია. სააკაშვილის თქმით, დეკემბერში დაიწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ქართული პროდუქციის თავისუფალი ექსპორტის საშაულებას იძლევა ევროკავშირის ქვეყნებში. პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი წლის მარტში დაიწყება მოლაპარაკება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ადგილი არ არის პუტინის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ გაერთიანებაში:

“იქით გზა ჩვენთვის არის ჩაკეტილი,” – განაცხადა პრეზიდენტმა და იმ პირებს, ვისაც სურთ, ინდივიდიუალური კავშირი დაამყარონ რუსეთთან, ცალმხრივი ბილეთის აღება ურჩია ქუთაისი–მოსკოვის ავიარეისზე.

სააკაშვილი საქართველოს მიმართ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გააქტიურებასაც გამოეხმაურა:

“რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას გამოხატავენ ძალიან ღიად და ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე, ქუთაისში ვიზიტის დროს, მიხეილ სააკაშვილი ეროვნული ბანკის შენობას ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ ისტორიულმა მუზეუმმა დაიდო ბინა, დაათვალიერა კინოთეატრ “საქართველოს” მშენებარე შენობა, კოპიტნარში კი საერთაშორისო აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუყარა საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი