ახალი ამბები

ნარმანია: დღევანდელი სხდომით დავასრულეთ შოუ, რომლისთვისაც ოპონენტები ემზადებოდნენ

17 მაისი, 2016 • 1479
ნარმანია: დღევანდელი სხდომით დავასრულეთ შოუ, რომლისთვისაც ოპონენტები ემზადებოდნენ

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულოში დღევანდელი მისვლით დაასრულა შოუ, რომლისთვისაც ოპონენტები ემზადებოდნენ.

დღეს, 17 მიასს  დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში მივიდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. თბილისის მერის პოლიტიკისა და “პანორამა თბილისის” მშენებლობის გასაპროტესტებლად საკრებულოსთან მივიდნენ პარტიზანი მებაღეები.

საკრებულოს სხდომას ყველა მსურველი ვერ დაესწრო. დარბაზიდან გამოძევებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი თაობის” წევრმა თორნიკე ბიკაშვილმა განაცხადა, რომ მას საკრებულოს დარბაზში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს.

“როგორც საზოგადოებას დავპირდი, მოვედი და პასუხი გავეცი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. ასევე, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდე მათ იმ პროექტებზე და იმ მიდგომებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.

დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა განხორციელდეს ზუსტად იმ ფორმით, რაც დაკავშირებულია რეკრეაციული ზონის შენარჩუნებასთან და განვითარებასთან. გზის პროექტიც უნდა გაგრეძელდეს და ამით მხოლოდ მოიგებს ქალაქი და არაფერს წააგებს. დღევანდელი სხდომით დავასრულეთ შოუ, რომლისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდნენ ჩვენი ოპონენტები. მაგრამ მათ მოთმინება არ ეყოთ, რომ სხდომის ბოლომდე დარჩენილიყვნენ. გაიპარნენ სხდომიდან, ვინაიდან იცოდნენ, რომ უფრო მძიმე პასუხებს მიიღებდნენ. მთავარია, რომ საკრებულომ მიიღო პასუხები ამ ტრიბუნიდან,” – განაცხადა თბილისის მერმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება საკრებულოს დარბაზიდან იმ პირების გაძევებას, რომლების პროტესტს გამოხატავდნენ, ნარმანია აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო:

“ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. საკრებულოს აქვს თავისი რეგლამენტი. აქვს თავისი წესები. შესაბამისად, ამ წესების დაცვით მიდიოდა სხდომა. ზოგიერთი შეეცადა, რომ ხელი შეეშალა და ხმაური გამოეწვია და ეს იყო პოლიტიკური შოუს ნაწილი. მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი