ახალი ამბები

იუშენკოს ერთადერთი მხარდამჭერის აქცია და “ნარინჯისფერი რევოლუციის” წლისთავი

22 ნოემბერი, 2011 • 2577
იუშენკოს ერთადერთი მხარდამჭერის აქცია და “ნარინჯისფერი რევოლუციის” წლისთავი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ერთადერთი მომხრე გამოვიდა დღეს დილით თავისუფლების მოედანზე, კიევში, სადაც 2004 წლის ნოემბერში დაიწყო ნარინჯისფერი რევოლუცია. რუსული მედიის ცნობით, იუშენკოს მომხრეს მოსხმული ჰქონდა ნარინჯისფერი თავშალი და ხელში ეჭირა ტრანსპარანტი, წარწერით – “იუშენკო, ჩვენ შენთან ვართ”.

22 ნოემბერს უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუციის” წლისთავი აღინიშნება, აღნიშნული რევოლუციის გზით არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ეს თარიღი ეროვნულ დღესასწაულად – თავისუფლების დღედ გამოაცხადა.

წელს უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუციიდან” 7 წელიწადი გავიდა, თუმცა 2010 წლის არჩევნების შედეგად უკრაინის სათავეში იუშენკო იანუკოვიჩმა შეცვალა, რომელიც 2004 წელსაც იყრიდა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს, რასაც მოჰყვა “ნარინჯისფერო რევოლუცია” და იუშენკო–ტიმოშენკოს ტანდემის გამარჯვება.

იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ტიმოშენკო, რომელსაც სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უკვე 100 დღეა, რაც სასჯელს იხდის საპყრობილეში. მისი მომხრეები დღეს დილიდან მართავენ აქციას საპყრობილესთან. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით აღნიშნავენ თავისუფლების დღეს უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის კიევის ცენტრში მხოლოდ ერთი ადამიანი გამოვიდა ნარინჯისფერი რევოლუციის სიმბოლიკით, იქვე მობილიზებულია სამართალდამცავების ჯგუფი, დაახლოებით 2 ათეული პოლიციელი.

ოპოზიციის წარმომადგენლები “ნარინჯისფერი რევოლუციის” 7 წლისთავთან დაკავშირებით გეგმავდნენ აქციის მოწყობას მაიდანზე, კიევში, თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა ქალაქის მერიის მოთხოვნა, რომლითაც აიკრძალა თავისუფლების დღის აღნიშვნა კიევის ცენტრში, სადაც თავის დროზე “ნარინჯისფერი რევოლუცია” მოხდა.

ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში “ვარდების რევოლუციიდან” ერთი წლისთავზე შედგა. საქართველოში “ვარდების რევოლუციიდან” 8 წლისთავი ხვალ, 23 ნოემბერს, აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი