ახალი ამბები

მთავრობა ახალ სახლში შეიკრიბება

22 ნოემბერი, 2011 •
მთავრობა ახალ სახლში შეიკრიბება

დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ქუთაისში მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომა 17:00 საათზე დაიწყება და მთავრობის სახლში ჩატარდება, რომლის მშენებლობასაც ქუთაისში ერთი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი თავად მიხეილ სააკაშვილმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისში მთავრობის სახლი აშენდებოდა, პირადად პრეზიდენტმა გააჟღერა გასული წლის ნოემბერში, ქუთაისში ვიზიტის დროს:

“თქვენ გეგონათ, რომ მარტო პარლამენტი გადმოდიოდა, მაგრამ ნელ–ნელა ვიპარებით, ნაბიჯ–ნაბიჯ. ჯერ შემოგაპარეთ პარლამენტი, ახლა – მთავრობა და ასე, ვახორციელებთ ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტს. და ეს არის მნიშვნელოვანი დღეს იმიტომ, რომ ეს მთავრობის სახლი გაიხსნება ერთი წლის თავზე”,–განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

მთავრობის ხუთსართულიანი შენობის პროექტის ავტორი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბოა, რომელმაც ასევე დააპროექტა ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობა. მშენებლობას ქართული კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი” ახორციელებდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მთავრობის სახლის შენობაში განთავსებული იქნება პრემიერ–მინისტრის კაბინეტი, დარბაზები სამთავრობო შეხვედრებისთვის და საოფისე ოთახები თანამშრომლებისთვის.

ქუთაისში რამდენიმე ცენტრალური უწყების გადატანის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. მისივე გადაწყვეტილებით, ქუთაისში თბილისიდან უკვე სრულად გადაინაცვლა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგეულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ნაწილობრივ კი –კონტროლის პალატამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ამჟამად ქუთაისში მიმდინარეობს პარლამენტის მშენებლობა, რომლის გახსნასაც მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 26 მაისს გეგმავს.

დღეს, მთავრობის სახლის პრეზენტაციის გარდა, ქუთაისში დაგეგმილია კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება. აეროპორტის გასხვისებას მთავრობა სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გეგმავდა, რაც საბოლოოდ არ იქნა განხორციელებული და ამჯერად ხელისუფლებამ თავად გადაწყვიტა აეროპორტში ინვესტირება და მისი რეაბილიტაცია.

მშენებარე პარლამენტი ქუთაისში
მშენებარე პარლამენტი ქუთაისში

მასალების გადაბეჭდვის წესი