
„ჩვენ ვაშენებთ გვირაბებს, რომლებიც საქართველოს აერთიანებს, რუსეთმა კი ისეთი გვირაბი ააშენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოფს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში ნათქვამია, რომ გვირაბის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულად შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, განახლდა სავენტილაციო, ხანძარსაწინააღმდეგო და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემები. დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ხვალ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვევა, სადაც მთავრობის სახლს გახსნის და იქვე მთავრობის სხდომასაც გამართავს. მთავრობის სახლის გვერდით შენდება პარლამენტის ახალი შენობა, სადაც პირველი სხდომის გამართვას პრეზიდენტი 2012 წლის 26 მაისს გეგმავს.
ზეგ კი, 23 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირს გახსნის.









