ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პრეზენტაცია გადაიდო

21 ნოემბერი, 2011 • 1040
“ქართული ოცნების” პრეზენტაცია გადაიდო

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს აღარ გაიმართება. ინფორმაციას ამის თაობაზე ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების გამო გადაიდო. გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ 3 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სპორტის სასახლისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციასთან, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება. მოლაპარაკებების პროცესში მუდმივად გვთავაზობდნენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ 25 ნოემბერს შენობის ნაწილი, ე.წ. ივენთ-ჰოლი სხვა ღონისძიებით იყო დაკავებული”, – ნათქვამია პრეს–სამდივნოს განცხადებაში.

მათივე თქმით, დარბაზის გამოყოფის მიზნით, ისინი 3 ნოემბრიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან, საიდანაც სიტყვიერი უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ დარბაზი 1 იანვრამდე იყო დაკავებული.

“ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ   მოლაპარაკების ოფიციალურ ფორმაზე გადასულიყვნენ, გაიგზავნა წერილი სპორტის სასახლის ადმინისტრაციის სახელზე. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია”, – აცხადებენ ივანიშვილის პრეს–სამდივნოში.

მათივე თქმით, “ეს არ არის პირველი შემთხვევა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაჭიანურების. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საკითხის გადაწყვეტის დროს. აშკარაა, რომ გადაწყვეტილებების მიღების სქემა ერთი და იგივეა და ამ სქემაზეა მორგებული სპორტის სასახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც”.

ივანიშვილის პრეს–სამდივნო იტყობინება, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია დროებით გადაიდო და პრეზენტაციის კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში გახდევა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი