ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასამართლოს დისკრედიტაციისგან

17 მაისი, 2016 • 1090
საკონსტიტუციო სასამართლო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასამართლოს დისკრედიტაციისგან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს განცხადებას, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც სასამართლოს რეპუტაციას აკნინებს.

საქმე ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული მწვავე დისკუსიებს.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს  ორგანულ კანონში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული მწვავე დისკუსიის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა  და მედიის  წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესების მონაწილე ერთ-ერთ მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს სასამართლოს, აკნინებს მის რეპუტაციას, ამცირებს მისდამი ნდობას და შეურაცხყოფს მის წევრებს,”- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო. 

საკონსტიტუციო სასამამართლო კანონში შესული ცვლილებების შეფასებისგან თავს იკავებს.

“საკონსტიტუციო სასამართლო თავის კომპეტენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავი შეიკავოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისგან.  ამავე დროს,  სასამართლოს  თითოეული წევრი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის   ხელშესაწყობად  გამოხატულ მხარდაჭერასა და ძალისხმევას,”- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუმცა, პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწვეტია, მოაწერს თუ არა ხელს კანონს, იგი ამ საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციებს მართავს.

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ კანონს ვეტო დაადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი